საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში 2005 წლიდან დანერგილია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობა, უკავშირდება გარე ხარისხის უზრუნველყოფის შეფასების პროცესების (ავტორიზაცია და პროგრამული აკრედიტაცია) განხორციელებას და ხარისხის უზრუნველყოფის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას.
საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კანონის თანახმად, უნდა მოდიოდნენ შესაბამისობაში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმებთან. დღესდღეობით, საქართველოს გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა შედგება ინსტიტუციური ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისაგან. შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ფუნქციონირებს როგორც ინსტიტუციურ, ისე პროგრამულ დონეზე. იგი უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის, სწავლის და კვლევის პროცესის, პერსონალის პროფესიული განვითარების, მომსახურების ხარისხის, რესურსების (ფინანსური, საინფორმაციო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის) უწყვეტ შეფასებასა და განვითარებას.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების განხორციელების პროცესში ცენტრი ითვალისწინებს ევროკავშირის „უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგის” და ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებს, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნებს. საქართველოში განხორციელებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015).
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ავტორიზაცია არის ინსტიტუციური შეფასება, რომელიც განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან. შეფასების პროცესი ხორციელდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელშიც თავმჯდომარის სტატუსით ჩართულია საერთაშორისო ექსპერტი და რაც ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის ანალიზს, ასევე ექსპერტთა ვიზიტის დროს მოპოვებულ ინფორმაციას. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, რათა განახორციელონ საგანმანათლებლო საქმიანობა და გასცენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი.
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმს, რომელსაც ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. აკრედიტაცია არის პროგრამული შეფასება, რომელიც განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან. შეფასება ხორციელდება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება პროგრამის თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის ანალიზს და ასევე ექსპერტთა ვიზიტის დროს მოპოვებულ ინფორმაციას. მიმდინარე ეტაპზე, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, აკრედიტაცია სავალდებულოა ქართულ ენაში მომზადებისა და ყველა სახისა და საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა). თუმცა ამჟამად, ინსტიტუციები გარდამავალ ეტაპზე, არააკრედიტებულ რეჟიმში ახორციელებენ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს. ამ სტატუსით საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ინსტიტუციებს შეუძლიათ შესაბამისი სფეროს კლასტერის ხელახალი აკრედიტაციის ვადამდე. 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მიერ 2022–2028 წლებში ხელახალი აკრედიტაციის გავლის ეტაპები დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 ივნისის №739910 ბრძანებით. იხ. ბმული აქ: https://eqe.ge/ka/posts/4046/umaghlesi-saganmanatleblo-datsesebulebebis-sayuradghebod