FAQ

ხედვა/მისია/ღირებულებები

ცენტრის ხედვა: ცენტრი წარმოადგენს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ და დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების ჰარმონიზაციით, ქვეყნის ამოცანებიდან გამომდინარე, განათლების ყველა საფეხურზე უზრუნველყოფს განათლების ხარისხის მდგრად გაუმჯობესებას, განათლების აღიარებას და უმაღლესი განათლების მიმართულებით ეროვნული კვალიფიკაციების განვითარებას

 

ცენტრის მისია: ცენტრის მისიაა განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერა, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული სერვისების გაწევისა და ხარისხზე ორიენტირებული მმართველობის გაძლიერების ხელშეწყობის გზით.

 

ცენტრის ღირებულებები: ცენტრი, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
 

ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების მიკერძოებულობას.
 

გამჭვირვალეობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
 

მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
 

თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
 

განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. იმავეს ვთავაზობთ განათლების პროვაიდერებს და იმავეს ველოდებით ჩვენი პარტნიორებისაგან.