FAQ

განათლების სისტემა

საქართველოს განათლების სისტემა

 

 

საქართველოს განათლების სისტემის გზამკვლევი

 

 

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემა


საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფერო რეგულირდება საქართველოს კანონით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“. საქართველოში სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა ნებაყოფლობითია. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სისტემის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 0-დან სასკოლო ასაკამდე ბავშვები და მათთვის მიწოდებული მომსახურება იყოფა სამ ძირითად მიმართულებად:

  • ადრეული აღზრდა და განათლება − დაბადებიდან 2 წლამდე (ადრეული) ასაკის ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომელიც მოიცავს: მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განათლებასა და მხარდაჭერას, აღნიშნული ასაკის ბავშვზე ზრუნვის დაწესებულების, ჯანმრთელობის დაცვის, კვების, ჰიგიენისა და სანიტარიული უსაფრთხოების, ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების მომსახურებებს;
  • სკოლამდელი აღზრდა და განათლება – 2 წლის ასაკიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის ყოველმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მისთვის მიწოდებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სავალდებულო კომპონენტია სასკოლო მზაობის პროგრამა;
  • სასკოლო მზაობის პროგრამა – სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას.

 

 


ზოგადი განათლების სისტემა

 

საქართველოში ზოგადი განათლება რეგულირდება საქართველოს კანონებით: „ზოგადი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“; მოქმედი ეროვნულ სასწავლო გეგმით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს და ხორციელდება სამ საფეხურზე (დაწყებითი, საბაზო, საშუალო). დაწყებითი განათლება მოიცავს 6 წელს და ხორციელდება I-VI კლასებში; საბაზო განათლება მოიცავს 3 წელს, ხორციელდება VII-IX კლასებში; საშუალო განათლება მოიცავს 3 წელს, ხორციელდება X-XII კლასებში. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღება ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს და ავითარებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი. საბაზო განათლების მიღების შემდეგ გაიცემა საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი სრული ზოგადი განათლების მიღების შემდეგ გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე პირს აქვს უფლება, გავიდეს სკოლიდან, ყველა

საგანში მიღებული დადებითი შეფასების საფუძველზე სწავლა გააგრძელოს ზოგადი განათლების მესამე საფეხურზე ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ზოგად განათლებას, კანონით დადგენილი წესით, სრულად აფინანსებს სახელმწიფო ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. 2020 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოში ფუნქციონირებს 2085 საჯარო და 224 კერძო სკოლა.


პროფესიული განათლების სისტემა

საქართველოში პროფესიული განათლება რეგულირდება: საქართველოს კანონით „პროფესიული განათლების შესახებ“; „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახეებია: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი - რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები.

დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მოიპოვებს ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული პროცედურების და სტანდარტების შესავბამისად, ავტორიზაციის მოპოვების გზით. მხოლოდ ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომის გაცემის უფლება. ავტორიზაციის პროცედურის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი ავტორიზაციის მოპოვების გარეშე აქვთ უფლება განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. მათ შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს განახორციელოს საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა. 

 

 

პროფესიული განათლება ხორციელდება:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის სახეებია:

ა.ა) საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;

ა.ბ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;

ა.გ) უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;

ბ) პროფესიული მომზადების პროგრამით, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს;

გ) პროფესიული გადამზადების პროგრამით, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს.
 

 

 


უმაღლესი განათლების სისტემა

საქართველოში უმაღლესი განათლება რეგულირდება: საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“; „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. 
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა სამსაფეხურიანია და ხორციელდება უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია: 
ა) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის - ბაკალავრიატის- საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; 
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; 
გ) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს. 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი. 
რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში. 
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღწერილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემით. 
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატზე - სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიმუშაოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.
დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით ხორციელდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. კურსდამთავრებულზე გაიცემა საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნობრივი გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. 
დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით ხორციელდება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ვეტერინარიის ბაკალავრის ხარისხი. კურსდამთავრებულზე გაიცემა ვეტერინარის სერტიფიკატი. ვეტერინარის სერთიფიკატის მფლობელს შეუძლია სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურაში) შესაბამისი მიმართულებით. 
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა არის 360-კრედიტიანი, ხოლო დიპლომირებული სტომატოლოგის/ვეტერინარის/მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამა – 300 -კრედიტიანი. 
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მეორე საფეხურზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. მიღების წინაპირობაა სამაგისტრო გამოცდები. მიღების დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიმუშაოს  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მესამე საფეხურზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. მიღების წინაპირობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს. 

2020 წლის ნოემბრისათვის საქართველოში ავტორიზებული უმაღლსი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობაა 63.