საქართველოს განათლების სისტემაში, გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ეფექტურად წარმართვისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან დაახლოება და გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ჰარმონიზაცია.
გასული წლების განმავლობაში, ცენტრმა საერთაშორისო აღიარების, გაცემული კვალიფიკაციების გამჭვირვალობისა და სანდოობის ამაღლების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებებს მიაღწია. კერძოდ, ცენტრი საერთშორისო და ევროპის მასშტაბით ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე ისეთი წამყვანი ორგანიზაციების წევრია, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA) და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრი (EQAR).
ცენტრს მოპოვებული აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება, ცენტრი გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (CEENQA), ის ასევე აქტიურად თანამშრომლობს ბოლონიის პროცესის სამეთვალყურეო ჯგუფთან (BFUG), ხოლო ცენტრის წარმომადგენელი თანათავმჯდომარეობს ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ჯგუფის (BICG) კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატურ საექსპერტო ჯგუფს (TPG on QF). ცენტრი მონაწილეობას იღებს ERASMUS+-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში და პროექტებში. განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის საკითხში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერას ემსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების Twinning-ის პროექტი. უკვე რამდენიმე წელია ცენტრი ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწვეული და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობით.