დავით კობახიძემ დაამთავრა თბილისის 102-ე საშუალო სკოლა. სწავლა გააგრძელა თბილისის ჰუმანიტარულ-სახელოვნებო აკადემიაში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მიენიჭა ჟურნალისტ-ხელოვნებათმცოდნის კვალიფიკაცია და მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
დავით კობახიძეს გავლილი აქვს სასწავლო კურსი ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ- იორკის უნივერსიტეტში (NYU) „საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკა და ფუნქციები“; ისრაელის განათლების სამინისტროსთან არსებული გოლდენ მეიერის სახელობის ტრენინგების ცენტრის სასწავლო კურსი - „საზოგადოებრივი სერვისების განვითარება ხანდაზმულთათვის“, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) ორგანიზებით და საქართველოს ეკონომიკური კავშირის, თბილისის სპეციალური კომერციული სასწავლებლის ბიზნესსკოლის სასერთიფიკატო კურსი მარკეტინგის მიმართულებით.
დავით კობახიძე მუშაობდა ისეთ საპასუხისმგებლო პოზიციებზე, როგორებიცაა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს უფროსი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშემწყობი პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების სამმართველოს უფროსი.
დავით კობახიძე არის ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზატორი, როგორებიცაა ტელემარათონები მზრუნველობამოკლებული ბავშვების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის „WORLDSKILLS საქართველო“-პროფესიულ უნარებში შეჯიბრება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.