სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2026 წლის 20 აგვისტოს, Erasmus+ პროგრამით დაფინანსებული პროექტის — „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ — ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან მეექვსე კვარტალური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ექსპერტების — კიარა ფინოჩეტისა და ბაიბა რამინას მიერ საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL და QF-EHEA) რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის საბოლოო დრაფტზე წარმოდგენილი უკუკავშირისა და წინადადებების სიღრმისეული განხილვა.
შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს ანგარიშის ტექსტზე მუშაობის მიმდინარეობა და აღწერეს ექსპერტთა კომენტარების საფუძველზე ანგარიშის პროექტში შეტანილი დაზუსტებები და ცვლილებები. ასევე განიხილეს ანგარიშის საბოლოო ვერსიის ეროვნულ დონეზე მიღების შემდგომ, ევროპულ სტრუქტურებში წარდგენისთვის გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).
აღნიშნული პროცესის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების საერთაშორისო გამჭვირვალობას, თავსებადობასა და აღიარებას ევროპულ საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე.