FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENIC-NARIC-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

24 ივნისი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა საბერძნეთში, ქალაქ ათენში, ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის (ENIC-NARIC) 33-ე ყოველწლიურ ერთობლივ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

 

შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს განათლებისა და კვალიფიკაციების აღიარების სფეროში არსებული აქტუალური საკითხები, საერთაშორისო სტუდენტური მობილობის თანამედროვე ტენდენციები, აღიარების პროცესების განვითარებისა და ევროპულ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები. 


ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კვალიფიკაციების აღიარების პროცესში ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობაზე.

 

ღონისძიების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ორგანიზება გაუწიეს სამუშაო შეხვედრას — „განათლება, როგორც მიგრაციის გზა: კრიზისები, პოლიტიკის მიდგომები და საერთაშორისო სტუდენტთა მობილობისას კვალიფიკაციების აღიარების გამოწვევები“.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის (ENIC-NARIC) საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს, იტალიისა და უკრაინის წარმომადგენლები.

 

სამუშაო შეხვედრაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს საქართველოში საერთაშორისო სტუდენტური მობილობის ტენდენციები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები.

 

მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო სტუდენტთა მობილობის ეფექტიან მართვაზე, ინსტიტუციური ანგარიშვალდებულების გაძლიერებასა და განათლებისა და მიგრაციის პოლიტიკებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობას ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის (ENIC-NARIC) ფარგლებში, რაც ხელს უწყობს კვალიფიკაციების აღიარების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და აღიარების მექანიზმების შემდგომ განვითარებას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ENIC-NARIC-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა