განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის — „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში, 2026 წლის 9 ნოემბერს, სამუშაო ჯგუფის მე-12 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების საბოლოო ანგარიშის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) დიზაინერული ვერსიების განხილვა, შეფასება და ევროპულ სტრუქტურებში (EQF AG და QF-EHEA) წარდგენის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ანგარიშში საერთაშორისო ექსპერტებისა და პარტნიორების რეკომენდაციების სრულყოფილად ასახვის საკითხები. მათ შორის, ხაზი გაესვა ცენტრის (NCEQE) ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის აღდგენის საკითხის ასახვას.
სამუშაო ჯგუფის დამსწრე წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშის საბოლოო ვერსიას. შეთანხმდა, რომ წარსადგენ დოკუმენტაციას დანართის სახით თან დაერთვება საერთაშორისო ექსპერტების დასტურის წერილი და ცენტრის დირექტორის ოფიციალური განაცხადი ESG 2015-ის მოთხოვნებთან პროცედურული თავსებადობის შესახებ.
ამასთან, სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ ევროპული სტრუქტურების მხრიდან წარმოდგენილი უკუკავშირის საფუძველზე, საჭიროებისამებრ კიდევ შეიკრიბება და გააგრძელებს მუშაობას ანგარიშის შემდგომ გაუმჯობესებასა და მასში დამატებითი ინფორმაციის ასახვაზე.
აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების აღიარების გამარტივებას ევროპის განათლების სივრცეში, გაზრდის ქართული საგანმანათლებლო სისტემის სანდოობას და გააფართოებს კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს საერთაშორისო შრომის ბაზარზე.