განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) რეგისტრაციის კომიტეტის 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა.
EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილება დაეფუძნა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) შეფასების შედეგებს.
შეფასების ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა მიზანი საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და ცენტრის საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა იყო.
ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებითა და EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015).
ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისადმი საერთაშორისო დონეზე სანდოობისა და რეპუტაციის ამაღლებას.