საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ და მოწვეულ საბჭოს წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ აკრედიტაციის საბჭოს წევრებს უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის ძირითადი მიმართულებები და ეტაპები გააცნო.
შეხვედრის მიზანი იყო აკრედიტაციის საბჭოს საქმიანობის პრაქტიკული და მეთოდოლოგიური გაძლიერება, აკრედიტაციის პროცესში არსებული გამოცდილების გაზიარება, გამოწვევების იდენტიფიცირება და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბება.
აკრედიტაციის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საბჭოს საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ეთიკის კოდექსით დადგენილ ნორმებზე.
სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხილვას. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულმა წევრებმა დეტალურად განიხილეს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი და სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქეთევან კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსი მაია შუხოშვილი და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი, ასევე ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.
ცენტრი აქტიურად აგრძელებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის განმავითარებელი და მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას.