სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2026 წლის 27 აგვისტოს, Erasmus+ პროგრამით დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“- ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან მეშვიდე კვარტალური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ექსპერტების, კიარა ფინოჩეტისა და ბაიბა რამინას, ჩართულობით GEOREF პროექტის შემაჯამებელი კონფერენციისთვის მომზადება, მათ შორის კონფერენციის დღის წესრიგისა და დაგეგმილი აქტივობების შეთანხმება.
შეხვედრაზე საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განხილულ იქნა შემაჯამებელი კონფერენციის დღის წესრიგი და თემატური მიმართულებები. მხარეებმა ასევე იმსჯელეს კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის ფორმატსა და მათ მიერ განსახილველ ძირითად საკითხებზე.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).
პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ხელს უწყობს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას და საქართველოში გაცემული კვალიფიკაციების საერთაშორისო გამჭვირვალობის, თავსებადობისა და აღიარების გაძლიერებას.