საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს Erasmus+-ის პროექტის - „ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE)" - ფარგლებში გამართულ სასწავლო ვიზიტში, რომელიც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩატარდა.
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TalTech), სადაც მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ ელექტრონული სწავლების პროცესს, ციფრულ ინფრასტრუქტურასა და TalTech-ის სპეციალური ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას. აღნიშნული პლატფორმა უნივერსიტეტში ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, მის ეთიკურ გამოყენებასა და მაღალი ხარისხის კვლევითი საქმიანობის განვითარებას.
ასევე, სამუშაო შეხვედრები გაიმართა - ესტონეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (HAKA), გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტის (TTK UAS), E-Estonia-ს საინფორმაციო ცენტრისა და ესტონეთის ბიზნესის სკოლის (EBS) წარმომადგენლებთან.
სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ ესტონეთის განათლებისა და ახალგაზრდობის საბჭოს, საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემიისა (IT Academy) და ევროპის მენეჯმენტის განვითარების ფონდის (EFMD) წარმომადგენლები, ასევე ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი ირაკლი გიგაური.
ცენტრი პარტნიორის სტატუსით 2026 წლიდან მონაწილეობს PRODIGE-ის პროექტში. აღნიშნული პროექტი ორიენტირებულია ციფრული განათლების პოლიტიკის განვითარებასა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ერთიან ევროპულ სტანდარტებთან.
სასწავლო ვიზიტს ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, დაგეგმვის, კვლევია და საერთაშორისო ურთიერთობების და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების თანამშრომლები. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
დამატებითი ინფორმაცია PRODIGE-ის პროექტის შესახებ, იხილეთ შემდეგ ბმულზე https://shorturl.at/1CBea