FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

31 მარტი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა, ერევნის მხითარ ჰერაცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ არმენ მურადიანს უმასპინძლა.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა რეგიონში მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების ადმინისტრირების კუთხით, ცენტრის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს, რომელიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ აღიარებულ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს წარმოადგენს.

 

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელობაზე, რომელიც მიმართულია უნივერსიტეტების ინსტიტუციურ და სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის განვითარებაზე.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ხარისხის უზრუნველყოფის პირველი სააგენტოა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელმაც 2018 წელს მოიპოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ WFME-ისგან მოპოვებული აღიარება ნიშნავს იმას, რომ ცენტრის მიერ, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქმედი მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია, საერთაშორისო დონეზე იქნება აღიარებული.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით კუხალაშვილი , ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა