განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა, ქალაქ ბრიუსელში, მონაწილეობა მიიღო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) გენერალურ ასამბლეაში.
გენერალური ანსამბლეის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (NCEQE) და უნგრეთის აკრედიტაციის კომიტეტმა (MAB) ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც განსაზღვრავს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ჩარჩოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.
მემორანდუმის მიზანია ორ სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების, პერსონალის მობილობის და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.
შეთანხმება ასევე, მოიცავს ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და კვლევითი პროექტების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს უწყვეტ განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს MAB-თან თანამშრომლობა საშუალებას მისცემს გააფართოვოს საერთაშორისო პარტნიორთა ქსელი, განავითაროს პროფესიული კომპეტენციები და გაიზიაროს გამოცდილება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიმართულებით.
MAB წარმოადგენს უნგრეთის ეროვნულ, დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის ხარისხის, ასევე მათი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების გარე შეფასებაზე.
უნგრეთის აკრედიტაციის კომიტეტი (MAB) მუშაობს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნგრეთის უმაღლესი განათლების აკადემიური სტანდარტების დაცვასა და განვითარებაში.