სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებთან მეორე კვარტალური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესის ფარგლებში მიმდინარე პროგრესის შესახებ პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების ინფორმირებას, მათგან უკუკავშირის მიღებასა და შემდგომი აქტივობების დაგეგმვას.
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზის განახლებული დოკუმენტი, რომელშიც აისახა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელებული ძირითადი ცვლილებები.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო, რაც გულისხმობს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL, QF-EHEA) საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA).
აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს საქართველოში არსებული კვალიფიკაციების თავსებადობის დადგენას ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე.