განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის უფროსმა ქეთევან ფანჩულიძემ და ამავე ცენტრის კოორდინატორმა, ხატია ცირამუამ, მონაწილეობა მიიღეს რიგაში გამართულ სიმპოზიუმში, რომელიც შეეხებოდა ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) პროექტის "კვალიფიკაციების ჩარჩო ნდობის, გამჭვირვალობისა და მრავალფეროვნებისთვის - TPG A (QUATRA)" პროექტის შედეგების განხილვას.
ხატია ცირამუამ, როგორც ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, სიმპოზიუმზე წარადგინა ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციები ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირების მექანიზმის გარშემო და ჯგუფის ხედვები მათი დანერგვის შესახებ.
ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის უფროსმა ქეთევან ფანჩულიძემ, ბოლონიის პროცესის კვალიფიკაციების ჩარჩოს ექსპერტთა ჯგუფის (TPG A on QF) შეხვედრაზე წარადგინა საქართველოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. აღნიშნული ანგარიში ეხმიანება ცენტრის მიერ TPG A on QF ჯგუფში 2021 წელს წარდგენილ სამოქმედო გეგმას ეროვნული კვალიფიკაციების განვითარების კუთხით.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ შემდეგი მიმართულებებით:
2021-2024 წლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის გეგმის შესაბამისად, შემუშავდა 60 ზე მეტი უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი;
გადაიხედა და განახლდა კვალიფიკაციების შემუშავებისა და განვითარების მიზნით დამტკიცებული რეგულაციები;
ეროვნული კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნის მიზნით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებით, შემუშავდა ელექტრონული რეესტრის კონცეფცია და ტექნიკური მახასიათებლები. ამჟამად, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ( EMIS ) ერთად მიმდინარეობს მუშაობ რეესტრის ინფრასტრუქტურაზე. ელექტრონული რეესტრის ამოქმედება დაგეგმილია 2025 წელს;
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების ანგარიშის მომზადების მიზნით, ცენტრის დირექტორის ბრძანებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. TPG A on QF ჯგუფის ფარგლებში, 2023 წელს საქართველოში ჩატარდა PLA თვითსერტიფიცირების თემაზე, რომელსაც 70 მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი დაესწრო. 2024 წელს ცენტრმა მოიპოვა ევროკომისიის მიზნობრივი გრანტი, რომლის ფარგლებში მომზადდება თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების ანგარიში;
რეგულარულად ტარდება თემატური შეხვედრები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
TPG A on QF ჯგუფის მიერ დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულება. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს პროდუქტიულ მუშაობას ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში. TPG A on QF ჯგუფის შეხვედრას ჯგუფის წევრი 29 ქვეყნის, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ევროპის სტუდენტური გაერთიანებისა (ESU) და ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანების (EURASH) წარმომადგენლები დაესწრნენ.