FAQ

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) შორის თანამშრომლობა გაგრძელდა

14 აგვისტო 2024

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა ხუთი წლის ვადით. ცენტრის მხრიდან, მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის დირექტორმა,  ალექსანდრე წულაძემ. 

 

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, მხარეებს შორის კიდევ უფრო მეტი ინტენსიობით გაგრძელდებამეთოდოლოგიური, საკონსულტაციო და კვლევითი,ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა სააგენტოების პერსონალის სამუშაო ვიზიტების ორგანიზების, ასევე ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის პროცესებში ჩართვის მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიმართულებებით. ამასთან, ცენტრისა და AQAS-ის წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მათ მიერ ორგანიზებულკონფერენციებსა და სემინარებში.

 

საგულისხმოა, რომ გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (AQAS) მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოა, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასებას, როგორც გერმანიაში, ასევე საზღვარგარეთ.ცენტრის მსგავსად, AQAS უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრია და რეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR). 

 

ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაღრმავებით, ცენტრი უზრუნველყოფს, როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების, ასევე ბოლონიის პროცესის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებისა და ცენტრის სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებას.შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (AQAS) შორის თანამშრომლობა გაგრძელდა