FAQ

ერასმუს + პროექტის ETHICS გახსნით ღონისძიებას პარტნიორის სტატუსით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ

18 მაისი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პარტნიორის სტატუსით შეუერთდა ერაზმუს+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტს „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)”. პროექტის გახსნითი ღონისძიება 2023 წლის 2-5 მაისს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები - თორნიკე ბაქაქური და ანი ბილანიშვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ჩეხეთისა და ნიდერლანდების უნივერსიტეტებისა და ხარისხის სააგენტოების წარმომადგენლები. პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ სამუშაო შეხვედრები ოთხდღიან ფორმატში, ყველა პარტნიორის აქტიური თანამონაწილეობით წარიმართა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური, კვლევითი ეთიკისა და კეთილსინდისიერების თანამედროვე გამოწვევების ანალიზი ადგილობრივი ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მოთხოვნებთან მიმართებაში, ამ მხრივ საუკეთესო პრაქტიკების მოძიება, პროექტის პარტნიორებთან განხილვა და მოქმედი სტანდარტების დახვეწა, სათანადო პოლიტიკის მხარდაჭერა, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.