PROFFORMANCE პროექტის უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

20 აგვისტო 2022

  უმაღლეს განათლებაში სწავლების საუკეთესო პრაქტიკების აღიარება, 2018 წლის პარიზის მინისტერიალის კომუნიკეს ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. რომის მინისტერიალის 2020 წლის კომუნიკეში კი განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის წევრი ქვეყნების უფლებამოსილმა ორგანოებმა მხარი უნდა დაუჭირონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეროვნულ დონეზე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლისა და სწავლების პრაქტიკების განვითარებისათვის, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად გულისხმობს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და მათი მიღწევების აღიარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PROFFORMANCE პროექტის ფარგლებში განხორციელებული უმაღლესი განათლების ჯილდოს კონკურსი. კონკურის მიზანი იყო უმაღლესი განათლების სწავლების სფეროში საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა და აღიარება, უნივერსიტეტებს შორის შესაბამისი გამოცდილების გაზიარება და ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის წახალისება. 

 

უმაღლესი განათლების ჯილდოს კონკურში მიღებულ იქნა მაღალი ხარისხის 126 განაცხადი PROFFORMANCE პროექტში ჩართული ევროპის 6 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. განაცხადები სწავლების   საუკეთესო პრაქტიკებზე წარმოდგენილ იქნა 4 კატეგორიაში - (1) სტუდენტზე ორიენტირებული კურსების დიზაინი, (2) ინოვაციური სწავლება და სწავლა, (3) სტუდენტთა სწავლის შეფასება და (4) მისიის განხორციელება და იმპაქტი საზოგადოების ჩართულობით და საზოგადოებისათვის. განაცხადები შეაფასა უმაღლესი განათლების დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ.    

 

კონკურსის ერთერთი გამარჯვებული გახდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლადო სირდაძე. მისი სწავლების პრაქტიკა ეხება ციფრული ცოდნის ხეების გამოყენებას სწავლებასა და ყოველდღიურობაში. კონკურსის სხვა გამარჯვებულებისა და სწავლების 126 საუკეთესო პრაქტიკის ნახვა შესაძლებელია ბმულზე - https://award.profformance.eu

 

PROFFORMANCE პროექტის უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ