FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

1 სექტემბერი 2022

გაცნობებთ, რომ განახლდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი.

 

განახლებული დოკუმენტი დამტკიცდა ცენტრის დირექტორის 2022 წლის 30 აგვისტოს №964009 ბრძანებით.

 

დოკუმენტის გადახედვა ძირითადად განხორციელდა კლასტერული აკრედიტაციის პროცესის დანერგვის მიზნებისთვის. ამასთან, აღმოიფხვრა და ახლებურად ჩამოყალიბდა ის გასავითარებელი მხარეები, რომელთა გამოსწორების აუცილებლობაც აჩვენა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ანალიზმა.

შესაბამისად, დოკუმენტი დაიხვეწა და გახდა მეტად გამჭვირვალე.

 

აღსანიშნავია, რომ განახლებული დოკუმენტი, წინა რედაქციისგან განსხვავებით, ადგენს და განსაზღვრავს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტების შერჩევის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საქმიანობის, პროფესიული განვითარების, საქმიანობის შეფასებისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეჩერებისა და შეწყვეტის წესებს.

განახლებული დოკუმენტი ძირითადად ეხება შემდეგ საკითხებს:

 

ექსპერტთა კორპუსის წევრთა შერჩევის პროცედურაში, სავალდებულო ეტაპად განისაზღვრა თემატური ტრენინგების გავლა. შესაბამისად, ექსპერტთა კორპუსში შეყვანამდე პირები სავალდებულო წესით გაივლიან ტრენინგებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება უკეთ უზრუნველყოფს ექსპერტთა კორპუსში კვალიფიციური ექსპერტების შეყვანასა და ასევე, ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას;

 

დაზუსტდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტების მოძიების პროცედურა. აღნიშნული პროცესის შესაბამისად, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საერთაშორისო ექსპერტების მოძიების მიზნით, ცენტრი გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ხარისხის​უზრუნველყოფის უცხოურ​სააგენტოებთან და უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. აღნიშნული ცვლილება უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს, რომ შეფასების პროცესში ჩაერთოს სათანადო ცოდნის, გამოცდილებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი;

 

განახლებული დოკუმენტის მიხედვით, ჩამოყალიბდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამისი ექსპერტების კანდიდატების წარდგენას ცენტრის დირექტორისთვის. შესაბამისად, საავტორიზაციო და სააკრედიტაციო ადმინისტრაციულ წარმოებებზე კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის მიზნით, შესაფასებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სახისა და სპეციფიკის, ექსპერტთა კორპუსში არსებული ექსპერტების სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, მუდმივმოქმედი კომისია დაადგენს კანდიდატების შესაბამისობას ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან;

 

ექსპერტთა საქმიანობის წესში განისაზღვრა, რომ შეფასების პროცესში ჩართვამდე ექსპერტთა კორპუსში დამატებული ახალი წევრები შესაძლოა შეფასების პროცესში თავდაპირველად ჩაერთონ დამკვირვებლის სტატუსით, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ შეფასების პროცესის მიმდინარეობას. აღნიშნული ცვლილებით, ექსპერტთა კორპუსის ახალი წევრები შეფასების პროცესში ჩართვამდე, დააკვირდებიან და გააანალიზებენ შეფასების პროცესის მიმდინარეობასა და მის თავისებურებებს;

 

განახლებული დოკუმენტის მიხედვით, თუ ცენტრში წარმოდგენილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი არ იქნება მკაფიო და ნათელი, ენობრივად გამართული, არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გამყარებული, ან/და მისი შინაარსი წინააღმდეგობაში მოვა უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან, ცენტრი უფლებამოსილია, არ მიიღოს დოკუმენტი და დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით დაუბრუნოს ექსპერტთა ჯგუფს გადასამუშავებლად. ექსპერტთა ჯგუფის მიერ ცენტრის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილი იქნება ჩაანაცვლოს ექსპერტთა ჯგუფის წევრ(ებ)ი და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი შეფასება. აღნიშნული ცვლილებით მეტად გაიზრდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტების ხარისხი, რაც თავის მხრივ გულისხმობს ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე, მტკიცებულებებით გამყარებული და მიუკერძოებელი დასკვნის პროექტების შემუშავებას;

 

უფრო მეტად მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შეფასების პროცესებში ექსპერტთა ჯგუფის წევრი სტუდენტისა და დამსაქმებლის ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები. ცვლილება ხელს შეუწყობს შეფასების პროცესში ექსპერტებს შორის ფუნქციების უფრო სამართლიანად და სწორად გადანაწილებას;

 

ცვლილებებების შესაბამისად, სტუდენტ ექსპერტებს საშუალება ექნებათ სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან, ან სწავლის დასრულების შედეგად სტატუსის შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს სტუდენტი ექსპერტის სტატუსი. წარმოდგენილი ცვლილება მეტად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართვას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში;

 

განახლდა ექსპერტთა საქმიანობის შეფასების პრინციპები და კითხვარის ფორმები. განახლებული პროცედურა და ფორმები საშუალებას იძლევა ყოველმხრივ და სრულყოფილად შეფასდეს პროცესში მონაწილე ყველა მხარის მიერ, როგორც ექსპერტთა, ასევე ცენტრის საქმიანობა. აღნიშნული კითხვარები და მათი ანალიზი გამოყენებული იქნება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების და ექსპერტთა საქმიანობის განვითარების მიზნებისთვის;

 

დოკუმენტმა გაითვალისწინა ექსპერტისთვის კორპუსის წევრობის შეჩერების საფუძვლები და პროცედურა. ექსპერტისთვის კორპუსის წევრობის შეჩერების საფუძველი შესაძლოა გახდეს: ექსპერტის მიერ ცენტრის არასაშტატო პოზიციის დაკავება არაუმეტეს 3 წლის ვადით; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს/სააპელაციო საბჭოს წევრად შერჩევა და პირადი განცხადება.

 

განახლებული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: 

https://www.eqe.ge/.../N964009%20%E1%83%91%E1%83%A0%E1%83...