განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ევროპის საგანმანათლებლო ფონდის (ETF) ორგანიზებით გაიმართა სემინარი „ტურინის პროცესი საქართველოში - ანგარიშის ვალიდაცია“. სემინარს უძღვებოდა ETF-ის მენეჯერი ტიმო კუსელა, რომელმაც მსმენელებს წარუდგინა ტურინის (Torino 2014) პროცესის შესახებ პრეზენტაცია.
სემინარს ესწრებოდნენ ETF-ის, განათლებისა და მეცნიერების და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროებისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარების სამსახურის თანამშრომელმა ქეთი ცოტნიაშვილმა საქართველოში ტურინის პროცესის 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა. მან ისაუბრა საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის, არაფორმალური განათლების აღიარების, ქვეყანაში არსებული უმუშევრობის, შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების საკითხებისა და პროფესიული განათლების მართვისა და პოლიტიკის შესახებ.
სემინარის მსვლელობისას მონაწილეები რამდენიმე სამუშაო ჯგუფად გაიყვნენ. ჯგუფების წევრებმა ტურინის 2014 წლის ანგარიშის ვალიდაციაზე იმსჯელეს და მისი დეტალური ანალიზი წარმოადგინეს.
სემინარზე ტურინის პროცესის პრიორიტეტები და სამომავლო აქტივობები განისაზღვრა. 2014 წლის დეკემბერში საქართველო უმასპინძლებს ტურინის შემაჯამებელ კონფერენციას, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.
ტურინის პროცესის მიზანია მტკიცებულებებზე დაყრდნობითა და თანამონაწილეობით პროფესიული განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის ანალიზი. ტურინის პროცესი მიმდინარეობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში და 2010 წელს საქართველო მასში ერთ-ერთი პირველი ჩაერთო.
ტურინის პროცესში მონაწილეობა საქართველოსთვის სარგებლობის მომტანია. ეს დაეხმარება ქვეყანას დამსაქმებლებთან, პროფკავშირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სამინისტროებთან ურთიერთობისას.