FAQ

დიაგნოსტიკური თვითშეფასების პლატფორმა

27 სექტემბერი 2021

23 სექტემბერს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე საჯარო და კერძო სკოლების, ასევე რესურსცენტრების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულნი.

ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა ხაზი გაუსვა რეფორმის პროცესში სასკოლო საზოგადოების და სხვა დაინტერესებული მხარეების სრული ინფორმირებულობისა და ჩართულობას მნიშვნელობას, რადგანაც განათლების ხარისხი არ წარმოადგენს ცალკე აღებული სკოლის ან რომელიმე უწყების პრეროგატივას, ეს მხოლოდ კოორდინირებული ძალისხმევით მიიღწევა.

ცენტრის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ერაძის განცხადებით „დიაგნოსტიკური თვითშეფასება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვის პირველი ეტაპია და ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტებთან მიმართებით განხორციელებულმა რეალისტურმა თვითშეფასებამ ნათელი სურათი უნდა მოგვცეს სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს საფუძვლად დაედება სკოლებში ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ღონისძიებებს“.

პლატფორმის კონცეფცია ცენტრში მიმდინარე ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში შემუშავდა. კონცეფციის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვის შემდეგ, მისი იმპლემენტაცია დაიწყება, რაც 2022 წლისათვის სკოლების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მასშტაბური პროცესით გაგრძელდება.

ცენტრი ინტენსიურად მუშაობს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განახლებაზე, რასაც საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესში ჩართვა უნდა მოჰყვეს. რეფორმის ხედვის პრეზენტაცია ცენტრმა საქართველოს ყველა სკოლასთან, რესურსცენტრთან და ზოგადი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან განახორციელა.

დიაგნოსტიკური თვითშეფასების პლატფორმა