FAQ

ტრენინგი კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

22 მაისი 2014

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს ერთდღიან ტრენინგს უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ. ტრენინგის მონაწილეები შეიძენენ ცოდნას სხვადასხვა ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემების (მათ შორის, შეფასების სისტემების) შესახებ, განათლების აღიარებისა და უცხოეთიდან ჩამოსული მოსწავლის სკოლაში მიღების პროცედურების შესახებ, უცხოურ და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს შორის თავსებადობის დადგენისა და უცხოური შეფასებების ქართულ ქულებზე კონვერტირების შესახებ  და, ასევე,  შეეძლებათ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
 
ტრენინგზე განხილული იქნება განათლების აღიარებისათვის მნიშვნელოვანი ასპექტები იმ ქვეყნების განათლების სისტემების მაგალითებზე, საიდანაც ყველაზე ხშირია მოსწავლეთა ჩამოსვლა. თეორიული ცოდნის მიღების გარდა, მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული მაგალითების განხილვისა და ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებების შესრულების შედეგად გამოიმუშაონ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
 
შეძენილი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებიის დახმარებით, ტრენინგის მონაწილეები მომავალში მარტივად შეძლებენ უცხოეთიდან ჩამოსული მოსწავლის მიერ იქ მიღებული განათლების აღიარების, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან საგნების თავსებადობის დადგენის, შეფასებათა კონვერტირებისა  და სკოლაში ჩარიცხვის პროცედურების განხორციელებას.
 
ტრენინგი ჩატარდება თბილისში ივნისის მეორე ნახევარში.
 
ტრენინგში მონაწილეობის საფასური ერთ მონაწილეზე არის 70 ლარი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილში.
 
ტრენინგზე დარეგისტრირება შეგიძლიათ 8 ივნისის ჩათვლით.
 
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა პირადი მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე: s.abramishvili@eqe.ge

ტრენინგი კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის