FAQ

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტები ჩაერთვებიან

13 აპრილი 2021

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსს დაემატნენ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტები. ექსპერტების შერჩევა განხორციელდა ღია და მრავალეტაპიანი კონკურსის საფუძველზე.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლაშა მარგიშვილმა და ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა დისტანციურ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ექსპერტების მომავალი საქმიანობის ეტაპების განსაზღვრა.

 

ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ლაშა მარგიშვილმა აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში - სფეროსა და დარგის, დამსაქმებელ და სტუდენტ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებიც მიიღებენ. აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ახალი წევრების ძირითადი ფუნქციები იქნება: საგანმანათლებლო პროგრამის თვითშეფასების ანგარიშისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასება იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებთან მიმართებით,რომელთა დაცვა და შესრულებაც გამომდინარეობს აკრედიტაციის სტანდარტებიდან, ასევე, მონაწილეობა მიიღოს დასკვნის პროექტისა და საბოლოო დასკვნის მომზადებაში და უზრუნველყოს, რომ დასკვნის პროექტი და საბოლოო დასკვნა იყოს - ა) მკაფიო და ნათელი; ბ) ენობრივად გამართული; გ) არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გამყარებული.

 

შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ გაჟღერდა რამდენიმე შეკითხვა და ექსპერტების მიერ გამოითქვა სრული მზადყოფნა სააკრედიტაციო ვიზიტებსა და შეფასების პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით.

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ექსპერტები ჩაერთვებიან