პროფესიული განათლების სისტემის ფორმირების პროცესში დამსაქმებლის ჩართულობით შექმნილი მოდულური პროგრამების დანერგვა 2015 წელს დაიწყო. დღეისათვის ამ მიზნით შემნილი რეესტრი 5000-ზე მეტ მოდულს ითვლის და სთავაზობს სტუდენტებს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებად 313 საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის დუალური - სამუშაოზე დაფუძნებული - მიდგომით.
მიმდინარე წლის საშემოდგომო მიღებისათვის მოდულური პროგრამების რიცხვი კიდევ გაიზრდება, ხოლო უახლოეს პერიოდში სრულად ჩაანაცვლებს 2015 წლამდე არსებულ პროგრამებს.
ცენტრი მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდასაჭერად, რათა ძველი პროგრამების ახლით ჩანათვლების პროცესი სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს. დანერგვის ეტაპის ხელშესაწყობად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მეორე წელია გამოყოფს შესაბამის მიზნობრივ ფინანსურ რესურსებს.
16 და 17 ივლისს მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის სპეციალისტების და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების სამსახურის თანამშრომლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილული იქნა სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებული მხარდაჭერის ვიზიტების შედეგები, რის საფუძველზეც შემუშავდა რეკომენდაციები ცალკეული დაწესებულებებისათვის.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სწავლების ხარისხი იმ დაწესებულებებში, რომლებიც მოდულური პროგრამებით სწავლებაზე გადავიდნენ, ეტაპობრივად უმჯობესდება, რაც შესაბამისი ანალიტიკური მონაცემებითაც დასტურდება.
მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის საბიუჯეტო ქვეპროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ინდივიდუალური საკონსულტაციო სერვისებით მოდულური და დუალური პროგრამების განხორციელების და ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განვითარების საკითხებში. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ხარისხის უზრუნველყოფის ახალი მექანიზმის- სტუდენტთა შეფასების ვერიფიკაციის პილოტირება.