FAQ

დუალური პროგრამების სტუდენტთა პირველი შუალედური შეფასების შედეგები დამაკმაყოფილებელია

11 ივლისი 2018

მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით დუალური სწავლება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯსა და საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ ღვინის 11 კომპანიის ჩართულობით 2016 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს.

გერმანული გამოცდილების შესაბამისად, პროგრამის განხორციელების შუა ეტაპზე თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტში პროფესიული სტუდენტების შუალედური შეფასებები ხორციელდება რომლის მიზანია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შეფასება, შესაძლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების შემუშავება და განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
2018 წლის 10-11 ივლისს საქართველოში პირველად ჩატარდა დუალური პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტების შუალედური შეფასება.
სტუდენტთა პრაქტიკული უნარები ღვინის კომპანიაში, რეალურ სამუშაო გარემოში შეფასდა. სწორედ კომპანია განსაზღვრავს, თუ რამდენად შეესაბამება მიღწეული სწავლის შედეგები და პროფესიული უნარები მათ მოთხოვნებს.

შეფასების პროცესს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) გაუწია ორგანიზება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ქართული ღვინის ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობით.
შეფასების პირველადი შედეგები დამაკმაყოფილებელია. შემფასებელთა ჯგუფი დეტალურ ანგარიშს ათი დღის ვადაში წარმოადგენს.

 დუალური პროგრამების სტუდენტთა პირველი შუალედური შეფასების შედეგები დამაკმაყოფილებელია