FAQ

რჩევები სტუდენტებისათვის: როგორ შევარჩიოთ სასწავლო პროგრამები

საქართველოში უმაღლესი საგანმანათებლო პროგრამები შესაძლებელია განხორციელდეს ავტორიზებულ რეჟიმში, ან იყოს აკრედიტებული. სტუდენტებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი, თუ ისინი აკრედიტებულ პროგრამაზე ჩაირიცხებიან. პროგრამას აკრედიტაცია  ენიჭება 6 წლის ვადით, პირობით აკრედიტაციის შემთხვევაში კი 2 წლის ვადით. თუ პროგრამა ახლახანს იქნა შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მისი აკრედიტაციის ვადა 4 წელია. ჩვენს მიერ შეფასებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დასკვნები და აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებები შეგიძლიათ იხილოთ  აქ 

ქვემოთ თავი მოვუყარეთ რეკომენდაციებს და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც ვფიქრობთ მომავალ სტუდენტებს დაეხმარება პროგრამების შერჩევაში:

  • აუცილებლად გაეცანით თქვენს მიერ შერჩეული პროგრამების აკრედიტაციის დასკვნას. გთხოვთ ასევე გაეცნოთ თქვენს მიერ შერჩეული ინსტიტუცი(ებ)ის ავტორიზაციის დასკვნას;
     
  • არჩევანის გასაკეთებლად ძალიან დაგეხმარებათ პროგრამის მიზნებისა და შინაარსის გაცნობა. შეაფასეთ ნამდვილად არის თუ არა კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული კურსები, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ. პროგრამების აღწერა აუცილებლად უნდა იყოს მოცემული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე;
     
  • შეაფასეთ რა ცოდნასა და უნარებს ავითარებს თქვენს მიერ შერჩეული პროგრამა და შეადარეთ იგი სხვა ინსტიტუციების მიერ შემოთავაზებულ ანალოგურ პროგრამებს;
     
  • გაეცანით და შეაფასეთ პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალი და მათი გამოცდილება; აკადემიური პერსონალის წევრების რეზიუმეები როგორც წესი მოცემული უნდა იყოს ინსტიტუციების ვებ-გვერდზე;
     
  • დააზუსტეთ სწავლების ენა და დარწმუნდით ხომ არ არის საჭირო რომელიმე უცხო ენის ცოდნა პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის;
     
  • შეეცადეთ დაადგინოთ არის თუ არა შესაძლებელი სტუდენტებისათვის, სტაჟირების გავლა, საერთაშორისო მობილობებში და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა თქვენს მიერ შერჩეული პროგრამის/ინსტიტუციის ფარგლებში;
     
  • სთხოვეთ უკუკავშირის გაზიარება თქვენს მიერ შერჩეული პროგრამის/ინსტიტუციის კურსდამთავრებულებს;
     
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ: - სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა არის 4 წელი და საბაკალავრო პროგრამების შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან;
     
  • საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. არ ენდოთ ინსტიტუციებს, რომლებიც გთავაზობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე;
     
  • მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა ძირითადად არის 2 წელი და სტუდენტს ჯამური დატვირთვა მოიცავს 120 კრედიტს;
     
  • სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან;
     
  • სადოქტორო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა არის 3-დან 5 წლამდე. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სადოქტორო საფეხურზე სწავლას ვერ აგრძელებენ პირები, რომელთაც აქვთ Executive MBA ხარისხი;
     
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავტორიზაცია   აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი აღიარებული იყოს სახელმწიფოს მიერ. საქართველოში მოქმედი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

უმაღლესი განათლების საფეხურები საქართველოში

საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს. 

 

სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამა შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან. უმაღლესი განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს. 

 

მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან. 

 

სწავლების მესამე საფეხური (დოქტორანტურა) შედგება არანაკლებ 180 კრედიტისაგან. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. 

 

სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემთხვევაში მიანიჭოს სტუდენტს შუალედური კვალიფიკაცია. შუალედური კვალიფიკაციის მინიჭება დასაშვებია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რომელიც არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ნახევარზე ნაკლები.