პროფესიული განათლება

საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ განსაზღვრავს პროფესიული განათლების შემდეგ მიზნებს:

ა) ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;

ბ) ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

გ) შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა;

დ) ინდივიდის დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების, ხელშეწყობა;

ე) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები განთავსებულია ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ხუთ საფეხურზე. თითოეული საფეხურის პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი. პროგრამის საფეხური განისაზღვრება პროფესიული სტანდარტით. პროგრამები აგებულია პროფესიული კრედიტების სისტემით.
პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია 2013 წელს დამტკიცდა. რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და ინერგება მოდულური პროგრამები. მოდულური პროგრამები ეფუძნება სწავლის შედეგებს და შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. დღეისათვის პროფესიული განათლების სისტემა მთლიანად მოდულურ პროგრამებზე გადასვლის რეჟიმშია.


პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახეებია:
პროფესიული კოლეჯი- რომელსაც აქვს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება და
საზოგადოებრივი კოლეჯი- რომელიც ხუთივე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.


დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მოიპოვებს ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული პროცედურების და სტანდარტების შესავბამისად, ავტორიზაციის მოპოვების გზით. მხოლოდ ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომის გაცემის უფლება. ავტორიზაციის პროცედურის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.


პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი ავტორიზაციის მოპოვების გარეშე აქვთ უფლება განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. მათ შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს განახორციელოს ხუთივე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ და მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
ა) აპლიკანტთა რეგისტრაცია;
ბ) პროფესიული ტესტირების ჩაბარება;
გ) გასაუბრება საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


პროფესიულ ტესტირებას ადმინისტრირებას უწევს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კერძო სამართლის იურიდიულ პირებში პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.


საინფორმაციო ბუკლეტი - ,,პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტები’’

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge