კალენდარი

arrow ივლისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161719202122
23242526272829
3031     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

ავტორიზაციის პროცედურა

ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:


1) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
2) საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობა;
3) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
4) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ავტორიზაციის თვითშეფასების ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;
5) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
6) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;
7) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის დაწესებულებისთვის გაცნობა;
8) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;
9) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;
10) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის დაწესებულებისთვის გაცნობა;
11) საავტორიზაციო განაცხადის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების მიერ ცენტრისთვის წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;
12) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება
13) დასაბუთებული გადაწყვეტილების ცენტრის მიერ გამოქვეყნება

ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

1) საავტორიზაციო განაცხადი


საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმა და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;
ბ) ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. (500 ლარი)

ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:


მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)



2) ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა


ა) ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
ბ) თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
გ) დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.


სტატუსის მაძიებელს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის საფუძველზე განესაზღვრება ავტორიზაციის საფასური საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბერს N 99/ნ ბრძანების შესაბამისად.


3) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა 


1. ავტორიზაციის საფასურის გადახდიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გათვალისწინებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
2. . ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
3. ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის/ ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
4. დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი. ავტორიზაციის პროცესის მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
5. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
6. ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.
7. ვიზიტის ხანგრძლივობა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.
8. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და წინასწარ ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.


4) საავტორიზაციო ვიზიტი


ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
ავტორიზაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.


5) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა


თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას დებულების მე-18 მუხლის მე-4 და ამ მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.
საგანმანათლებლო დაწესებულება დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


6) ზეპირი მოსმენა

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომში - საბჭო) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის,დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.
ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.
საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

7) გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება

საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.


ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.

 

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge