კალენდარი

arrow დეკემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
192021222324
25262728293031

განათლების სისტემა

1991 წლამდე საქართველოში მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არსებობდა. 1991 წლიდან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მიეცათ ფუნქციონირების შესაძლებლობა,  თუმცა მათთვის საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულო იყო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების - ლიცენზიის მოპოვება. ლიცენზიის ფლობა წარმოადგენდა აღიარებული საგანმანათლებლო დოკუმენტების გაცემის წინაპირობას. ლიცენზირებით მოწმდებოდა დაწესებულების შესაბამისობა სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებტან, მათ შორის პროგრამულ სტანდარტთანაც. ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

2004 წლის 21 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, რომლის თანახმად სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის გაცემის უფლება მხოლოდ ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდათ. ინსტიტუციური აკრედიტაციის მიღების წინაპირობას საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის ფლობა წარმოადგენდა. ლიცენზირება სავალდებულო გახდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც. შესაბამისად, სახელმწიფო აძლევდა დაწესებულებას უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას (ლიცენზიას), თუმცა ამ დაწესებულების მიერ გაცემულ საგანმანათლებლო დოკუმენტებს აღიარებდა მხოლოდ მათ მიერ ინსტიტუციური აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში. ინსტიტუციური აკრედიტაციის მიღება სავალდებულო იყო საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, კერძოებისათვის იგი ნებაყოფლობით პროცედურას წარმოადგენდა. თუ ლიცენზირებულ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ სურდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტების გაცემა, მას შეეძლო არ გაევლო ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცედურა. პარალელურ რეჟიმში არსებობდა აკრედიტებული და ლიცენზირებული უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფოს მიერ აღიარებული და არაღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონმა შემოიღო პროგრამული აკრედიტაციის ცნებაც, რომელსაც სახელმწიფო აღიარება და დაფინანსების მიღების უფლება უკავშირდებოდა, თუმცა პროგრამული აკრედიტაციის განხორციელება კანონმა ჯერ 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებამდე, ხოლო შემდეგ 2013-2014 სასწავლო წლის დაწყებამდე გადაავადა და რეალურად უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თავდაპირველი რედაქციით გათვალისწინებული პროგრამული აკრედიტაცია საქართველოში არც განხორციელებულა.

კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება ეფუძნებოდა არა მხოლოდ დაწესებულების სტატუსს, არამედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვასაც. 2004 წლის უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონმა სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო გახადა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებულ რეჟიმში საქმიანობდა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მიღების შემთხვევაშიც ვერ გასცემდა აღიარებულ დიპლომს იმ პირებზე, რომელთაც არ ჰქონდათ მოპოვებული სტუდენტის სტატუსი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

2010 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად გაუქმდა საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირება, ინსტიტუციური აკრედიტაცია ავტორიზაციამ შეცვალა, ხოლო „პროგრამული აკრედიტაციის“ ცნება აკრედიტაციამ.

ავტორიზაცია განისაზღვრა, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ აღიარებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მხოლოდ ავტორიზებულ დაწესებულებას აქვს.

აკრედიტაცია განისაზღვრა, როგორც აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია. იგი სავალდებულოა მხოლოდ რეგულირებადი (მედიცინა, სამართალი, განათლება) და მესამე საფეხურის (დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამებისათვის. აკრედიტაცია საქართველოში დაიწყო 2011 წლიდან, თუმცა განსხვავებით უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თავდაპირველი რედაქციით გათვალისწინებული პროგრამული აკრედიტაციისაგან, აკრედიტაციას, რეგულირებადი და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გარდა სხვა პროგრამების შემთხვევაში, არ უკავშირდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის გაცემის უფლებამოსილება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათი აკრედიტაციის მიუხედავად და გასცემენ სახელმწიფოს მიერ აღირებულ განათლების ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს - დიპლომს.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge