კალენდარი

arrow სექტემბერი 2017 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2627282930 

პროცედურა

1. აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
 
ა) აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასება და სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;
ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
გ) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;
დ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შედგენა და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა;
ე) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა;
ვ) გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება.
2. აკრედიტაციისა და აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.
 
თვითშეფასება
 
1. თვითშეფასება ხდება აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად.
2. თვითშეფასების შედეგები აისახება აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშში.
 
სააკრედიტაციო განაცხადი
 
1. საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის;
ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ელექტრონული ფორმით;
გ) სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. აკრედიტაციის მაძიებელი აკრედიტაციის საფასურს იხდის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობის შესაბამისად, ცენტრის წერილის საფუძველზე.

ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები: 
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა 
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში 
ბანკის კოდი - TRESGE22 
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
 
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა
 
1. აკრედიტაციის საფასურის გადახდის შემდეგ ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი აკრედიტაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
3. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 დღის ვადაში.
4. დაწესებულება ვალდებულია, დაასაბუთოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.
5. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
6. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
7. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრის აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს ვიზიტს.
 8. ვიზიტის ხანგრძლივობა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა დაწესებულების პროგრამების რაოდენობისა და რესურსების მოცულობის შესაბამისად განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
 
აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა
 
1.აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის წესი მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სტუდენტი და ცენტრის თანამშრომელი, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - ასევე შესაბამისი პროფესიული ასოციაციის წარმომადგენელი.
 
სააკრედიტაციო ვიზიტი
 
1. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს და უზრუნველყოფს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
2. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს თავმჯდომარის მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების ფარგლებში დასკვნის მომზადებას.
3. აკრედიტაციის ექსპერტი ვალდებულია:
ა) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებამდე შეისწავლოს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში და საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით;
ბ) სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს პერსონალისა და სტუდენტების ინტერვიუირება.
4. ცენტრი უფლებამოსილია, განახორციელოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგი.
5. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
6. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია, შეწყვიტოს წარმოება.
 
დასკვნა
 
1. სააკრედიტაციო ვიზიტის შედეგად დგება დასკვნა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.
2. დასკვნა აღწერს თვითშეფასების ანგარიშის მონაცემების ნამდვილობას და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტთან შესაბამისობას.
3. დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ზეპირი მოსმენა
1. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში - საბჭო) აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტაციის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.
3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს
ზეპირ მოსმენაში.
4. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - მოადგილე. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.
6. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ცენტრისა და აკრედიტაციის მაძიებლის წარმომადგენლები, ასევე აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.
8. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.
9. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
10. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს დასკვნაში მოყვანილი მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება აკრედიტაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა ვიზიტის შემდეგ.
12. საბჭოს სხდომის ოქმი და გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით.
 
აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა
 
1. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 წლით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;
დ) ექვსი თვის განმავლობაში სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში;
ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია აკრედიტაციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატიურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას.
3. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
 
აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები
 
1. საბჭო ზეპირი მოსმენისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
2. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ, თუ მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.
3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა ვერ აკმაყოფილებს აკრედიტაციის ერთ-ერთ სტანდარტს.
4. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
5. საბჭო ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
7. საბჭო უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.
8. აკრედიტაციის ვადა 7 წელია.

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge